მართალია, გლობალური დათბობის შედეგად წარმოქმნილი „კატასტროფა“ მომავლის პერსპექტივაა, მაგრამ, ალბათ, მაინც დამაფიქრებელია...
გლობალური დათბობა, ანუ მზის აქტივაციის პერიოდი, დაიწყო დიდი გამყინვარების დამთავრების შემდეგ. ამ მოვლენას გეოლოგიურ წარსულშიც ვხვდებით. მაგალითად, მზის მოქმედებას ორი პერიოდი აქვს: პირველი, 10 000 წლის განმავლობაში მზე აქტივაციის პიკს უახლოვდება და იწყება გლობალური დათბობა, ხოლო შემდგომი 10 000 წელი მზე პასიურ პერიოდში გადადის და იწყება გამყინვარება.
„ახალი 7 დღე” ესაუბრა გეოგრაფს, უნივერსიტეტის პროფესორ-ასისტენტს, გიორგი დვალაშვილს, რომელმაც განგვიმარტა გლობალური დათბობის არსი და მისი შედეგები დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე.
– ბატონო გიორგი, განგვიმარტეთ, რას გულისხმობს გლობალური დათბობა და რა საფრთხეს უქმნის იგი თანამედროვე მსოფლიოს?
– გლობალური დათბობა, ბოლო პერიოდში, საყოველთაოდ ცნობილი ტერმინი გახდა. ეს საკითხი, მართლაც, აქტუალურია. ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ თემამ წინა პლანზე წამოიწია. ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგეულები, წყლის ორთქლი და ზოგიერთი სხვა გაზი ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობს, რასაც სათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შთანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ამ მოვლენას, „სათბურის ეფექტი“ უწოდეს. „სათბურის ეფექტის“ გამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა. მეცნიერების ვარაუდით, მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა გლობალური დათბობის სახელით არის ცნობილი.
რეალურად საქმე გვაქვს მზის აქტივობასთან, ეს ბუნებრივი მოვლენაა. გლობალურ დათბობაზე ყველაზე მეტად რეაგირებს მყინვარები. ეს კი განაპირობებს მყინვარების უკან დახევას და სხვა ბევრ თანამდევ მოვლენას. ძველად, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მყინვარებს საკმაოდ დიდი ფართობი ეჭირათ, მაგრამ დღეს ზოგიერთი მათგანი საერთოდ აღარ არსებობს. ჩვენ, გეოგრაფიის ინსტიტუტი და გეოგრაფები, ვმუშაობთ საქართველოს მყინვარების შესწავლაზე. ასევე მუშაობდა ინტასის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სწავლობდა კავკასიონისა და ევროპის მყინვარების მდგომარეობას, როგორ რეაგირებენ ისინი გლობალური დათბობის ფონზე. არსებობს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი პროექტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს რაჭაში და სულ მალე დასრულდება. კვლევები ცხადყოფს, რომ მყინვარები მართლაც უკან იხევს. მდგომარეობა რთულია, რადგან წყლის რესურსები მცირდება. საქართველოში, ამ საკითხის კვლევების ფონზე, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დიდი კატასტროფა გველის. გადაჭარბებული ნათქვამია ისიც, რომ მალე მდინარეები ადიდდება, ერთბაშად აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე, მოხდება კატაკლიზმები. არსებობს იგივე ოზონის შრის პრობლემა, მსოფლიო ოკეანის დონის ცვალებადობის მცირედი ნიშნულიც. საქართველოშიც შავი ზღვის სანაპირო ზოლი ინტენსიურ დაძირვას განიცდის. ეს გულისხმობს წყლის შემოტევას ხმელეთზე, ასევე მყინვარები საშუალოდ 12-15 მეტრით იხევენ.
– რამდენად არის მსოფლიო საზოგადოება ინფორმირებული გლობალური დათბობის შესახებ და აცნობიერებს თუ არა პრობლემის სიმწვავეს?
– საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული. გლობალური დათბობის არსის შესახებ არ იციან. ქუჩაში რომ გახვიდე და გამოიკითხო, 100 კაციდან 99, ვერ გეტყვის ზუსტად, რა არის გლობალური დათბობა. ეს უკვე პრობლემაა. საზოგადოებამდე უნდა იქნას მიტანილი გასაგებ, პოპულარულ ენაზე, რომ საჭიროა დროთა განმვავლობაში აღმოიფხვრას გლობალური დათბობის რიგი ხელოვნურად ხელშემწყობი პირობები.
– რა არის გლობალური დათბობის წარმოშობის ხელოვნური მიზეზები, რა აბინძურებს ატმოსფეროს და რა პირობები აჩქარებს ამ პროცესს?
–გლობალური დათბობის ბუნებრივ პროცესებთან ერთად მოქმედებს ხელოვნური ფაქტორებიც, რითაც ადამიანი ამ პროცესებს აჩქარებს.
მე-20 საუკუნეში საწვავის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია. ასეთი მრავალი ფაქტორი არსებობს, მაგალითად: ტრანსპორტის გამონაბოლქვი, უზარმაზარი მტვრის ნაწილაკები, რომელიც გვხვდება ატმოსფეროში. ეს ყოველივე მზის ენერგიას ემატება და იქმნება „სათბურის ეფექტი“ ანუ დედამიწაც გამოყოფს დამატებით ტემპერატურას და ეს, საბოლოო ჯამში, რეაგირებს ყველაფერზე. მათ შორის, ოზონის შრის გაფართოებაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენაა დედამიწაზე და პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, რაც ადმიანის მიერ ხელოვნურადაა გამოწვეული და გამონაბოლქვის სახით გროვდება ატმოსფეროში, თავს იყრის არა აფრიკის, ავსტრალიის, აზიის, ევროპის, ამერიკის თავზე, არამედ, გროვდება ანტარქტიდაზე. თბილისის, მოსკოვის, რიო-დე-ჟანეიროს სასათბურე აირების გამონაბოლქვით რომ დაბინძურებული ატმოსფერო გროვდება ერთ წერტილში, ამ შემთხვევაში, ანტარქტიდის თავზე. კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორებიც არის გვალვა და წყალდიდობა. ამის გამო უკვე შეიქმნა ბევრი სირთულე - ავსტრალიაში კატასტროფული ხანძრები, ხალხის სიკვდილი სიცხისგან ევროპაში. ამას გარდა, ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ.
მაგალითად, გლობალური დათბობა და სტიქიის მძვინვარება ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეზე ერთნაირად არ აისახება. რაჭაში, სვანეთში, კახეთში უფრო მეტად მძვინვარებს სტიქია. სტიქიური პრობლემები ნაკლებად აქტუალურია დედოფლისწყაროში, მაგრამ გლობალური დათბობა იქაც მოქმედებს დროთა განმავლობაში. თუ ახლა ნახევრად უდაბნოებია დედოფლისწყაროში, გლობალური დათბობის შედეგად შესაძლოა, მომავალში უდაბნო მივიღოთ. მაგალითად, ამ რეგიონში იყო ყაჯირის ტბა, რომელიც რუკებზეცაა დატანილი, მაგრამ გასულ წელს ვესტუმრეთ იმ მიდამოს და ტბის მაგივრად დაგვხვდა მდელო. იგი შეეწირა გლობალური დათბობის ბუნებრივ პროცესს.
– რამდენად არიან ჩართულნი მსოფლიოს განვითარებული, წამყვანი ქვეყნები ამ პრობლემის მოგვარებაში?
- ამ პრობლემის გადასაჭრელად, განვითარებულ ქვეყნებში, დიდი თანხა იხარჯება, იქმნება პროექტები. აქედან გამომდინარე, უფრო უკეთესად უნდა იყოს საქმე, მაგრამ მთალად ასეც არაა. ამ ქვეყნებში დღეს უკვე ქარხნების მიერ გამოყოფილი მავნე აირების გაწმენდა შესაძლებელია. უკვე არსებობს ტექნოლოგიები. რაც შესაძლებლობას იძლევა, არ გამოიყოფოდეს საშიში, მჭვარტლიანი აირები, გასუფთავებული გამონაბოლქვი ჩვეულებრივი ღრუბლის ფენის სახით ავიდეს ცაში და აღარ დააბინძურდეს ატმოსფერო. განვითარებადი ქვეყნები ჩამორჩებიან ამ საკითხთან ბრძოლაში. ბევრ ქვეყნაში წინა პლანზე არ არის ეკოლოგიური პრობლემები წამოწეული, უმთავრესი მაინც სარჩო-საბადებლის მოპოვებაზე ზრუნვაა. სხვადასხვა მეცნიერების დასკვნა ემყარება შეხედულებას, რომ ღარიბი ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და შედარებით იაფფასიანი ენერგია.
ეს, საბოლოო ჯამში, ჯაჭვური რეაქციაა და ბალანსი არ უნდა დაირღვეს, მსოფლიომ ერთად უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. თუ მსოფლიოში არ იქნება ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, მაშინ არაფერი შეიცვლება. ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს ეკოლოგიურ პრობლემებსაც. ეს ორი საკითხი ჯაჭვურად ებმის ერთმანეთს.
– რას ვარაუდობენ მეცნიერები? თუ დროულად არ გატარდა გადამჭრელი ღონისძიებები, შეუქცევადი ხომ არ გახდება გლობალური დათბობის პროცესი?
– მსოფლიო თუ არ მიიღებს შესაბამის ზომებს, პირველი სავალალო შედეგი იქნება ის, რომ ოზონის შრე გაფართოვდება, რაც გამოიწვევს რადიაციული ბალანსის დარღვევას, მზის ტემპერატურის მომატებას და ეს პროცესი ყველგან აისახება, დედამიწის ნებისმიერ ნაწილში, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოვლენაა. სამწუხაროდ, შესაძლოა, ზამთრის პერიოდში თოვლი აღარ მოვიდეს. წელს საქართველოს მაშტაბით იყო ადგილები, სადაც ნალექი არ მოვიდა ზამთარში. შემდგომში ეს უარყოფიდად აისახება ბუნებაზე და ბევრი ფაქტორი უკვე ჯაჭვურ რეაქიაში ჩაებმება. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.
– როგორ უნდა ებრძოლოს მსოფლიო გლობალური დათბობის პრობლემას?
– გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს და კვლავ მიმდინარეობს ტყეების მასობრივი გაჩეხვა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12 მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება. ყურადღება უნდა მიექცეს გამწვანებას, აიკრძალოს ხე-ტყის უკანონოდ ჩეხვა. პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამ მსოფლიო ერთ მუშტად უნდა შეკრას. მხოლოდ ამის შემდგომ მოევლება საკითხის სიმწვავეს.
და მაინც, გლობალური დათბობა არაპროგნოზირებადია.
საინტერესოა, გლობალური დათბობის საკითხის ირგვლივ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსოფლიო.
გლობალური კატასტროფის საფრთხეს ვერ აიცილებს, თუ გადაირჩენს თავს?
No comments:
Post a Comment